მთავარი / ბიზნესი / როგორ დავრეგისტრირდეთ ინდივიდუალურ მეწარმედ საქართველოში 2026 წელს
როგორ დავრეგისტრირდეთ ინდივიდუალურ მეწარმედ საქართველოში 2026 წელს ბიზნესი 4 წუთი წასაკითხად

როგორ დავრეგისტრირდეთ ინდივიდუალურ მეწარმედ საქართველოში 2026 წელს

Gustawson Gustawsonრედაქცია · Bebgur
გამოქვეყნდა: 08.09.2026
განახლდა: 21.10.2026
26 ლარირეგისტრაციის სტანდარტული საფასური
1%მცირე ბიზნესის გადასახადი ბრუნვიდან
1 დღერეგისტრაციის ვადა

ინდივიდუალურ მეწარმედ (ი/მ) რეგისტრაცია საქართველოში ბიზნესის დაწყების ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა. უცხოელს არც ადგილობრივი პარტნიორი სჭირდება, არც ბინადრობის ნებართვა და არც საწყისი კაპიტალი, რეგისტრაცია კი ერთ სამუშაო დღეში სრულდება. ეს ფორმა ფრილანსერებს, IT სპეციალისტებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს ზედგამოჭრილივით ერგებათ.

თუ თავისთვის მუშაობთ ან უცხოელ კლიენტებს ემსახურებით, ი/მ, როგორც წესი, ლეგალური მუშაობის ყველაზე მარტივი გზაა. ბიზნესის საფუძვლით ბინადრობის ნებართვა საქართველოში სხვა საკითხია და უფრო მსხვილ საქმიანობას მოითხოვს: 2026 წლის 9 ივლისიდან მოქმედი წესით, კომპანიის წლიური ბრუნვა სულ მცირე 50 000 ლარი უნდა იყოს ყოველ უცხოელზე, რომელიც სამუშაო ბინადრობას იღებს.

2026 წლის ცვლილება: უცხოელებს ახლა შრომის ნებართვა სჭირდებათ

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ანაზღაურებადი სამუშაოსთვის უცხოელს ცალკე შრომის ნებართვა სჭირდება. ეს ეხება თვითდასაქმებულ ი/მ-ებსაც, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და უცხოელ კლიენტებთან მუშაობენ.

ი/მ-ად რეგისტრაცია ამ მოთხოვნისგან აღარ გათავისუფლებთ. შეუძლია თუ არა უცხოელს საქართველოში მუშაობა ნებართვის გარეშე, სამუშაოს ტიპსა და ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული.

ვისთვისაა ი/მ საქართველოში

ი/მ კარგი არჩევანია ყველასთვის, ვინც ბიზნესს მარტო უძღვება, იქნება ეს პროგრამირება, კონსულტირება, დიზაინი, ვაჭრობა თუ მომსახურება. თუ დიდი გუნდის შეკრებას ან ინვესტორების მოზიდვას გეგმავთ, საქართველოში შპს-ის გახსნა უფრო გამართლებულია, თუმცა ეს უფრო ძვირია და შპს-ზე სხვა წესები მოქმედებს. ახლად ჩამოსულთა უმეტესობას, ვინც თავისთვის ან უცხოელი კლიენტებისთვის მუშაობს, ი/მ სავსებით ეყოფა.

როგორ ხდება რეგისტრაცია

რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს იუსტიციის სახლში. თბილისში ეს მტკვრის ნაპირზე მდგარი შენობაა თერთმეტი თეთრი „ფურცლით“ (ზვიად გამსახურდიას სანაპირო, 2), სადაც ბინადრობის ნებართვებსაც გასცემენ.

შეგიძლიათ პირადად მიხვიდეთ ან წარმომადგენელი გაგზავნოთ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით. მეორე ვარიანტი მოსახერხებელია, თუ საქართველოში გადმოსვლამდე დისტანციურად გინდათ დარეგისტრირება.

მეწარმეთა რეესტრში მოხვედრის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი რჩება: საგადასახადო რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში (rs.ge). მანამდე თქვენი ი/მ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და კანონიერად ვერც ვაჭრობს, ვერც გადასახადებს იხდის.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ

  • პასპორტი
  • რეგისტრირებული მისამართი საქართველოში (იურიდიული მისამართი)
  • ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ თქვენ ნაცვლად წარმომადგენელი მიდის

ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით ეს მოკლე სიაა. არც წესდება გჭირდებათ, არც ნასამართლობის ცნობა და არც შემოსავლის დადასტურება.

რამდენ ხანს გრძელდება და რა ღირს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ტარიფებით, სტანდარტული რეგისტრაცია 26 ლარი ღირს და ერთ სამუშაო დღეს გრძელდება. იმავე დღეს რეგისტრაცია 75 ლარი ჯდება. ეს რამდენჯერმე იაფია შპს-ზე, რომლის რეგისტრაციაც იმავე ვადებში 200 და 400 ლარი ღირს.

მცირე ბიზნესის სტატუსი: როგორ მივიღოთ შეღავათიანი განაკვეთი

ი/მ-ის რეგისტრაცია თავისთავად გადასახადს არ ამცირებს: თავიდან სტანდარტულ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდით. ბრუნვის 1% რომ გადაიხადოთ, მცირე ბიზნესის სტატუსი ცალკე უნდა მოითხოვოთ rs.ge-ის კაბინეტიდან. ავტომატურად არაფერი ხდება და ბევრი ამას მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა პირველი საგადასახადო პერიოდის გადასახადს უკვე სრული განაკვეთით გადაიხდის.

მცირე ბიზნესის სტატუსით 1%-ს ბრუნვიდან იხდით და არა მოგებიდან, სანამ წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ გადააჭარბებს. იმ თვიდან, როცა წლიური ბრუნვა ამ ზღვარს (ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმისთვის 700 000 ლარს) გადააჭარბებს, წლის ბოლომდე მთელი ბრუნვა 3%-ით იბეგრება. თუ ზღვარს ორი წელი ზედიზედ გადააჭარბებთ, სტატუსი მომდევნო წლის დასაწყისიდან გაუქმდება: ერთხელ გადაჭარბება შეიძლება, ზედიზედ ორჯერ კი არა.

მიკრობიზნესის სტატუსი: როდის შეიძლება ი/მ-ის გარეშე

თუ წელიწადში 30 000 ლარზე ნაკლებს გამოიმუშავებთ და დაქირავებული არავინ გყავთ, ი/მ საერთოდ არ გჭირდებათ. მიკრობიზნესის სტატუსს ფიზიკური პირის სახელით rs.ge-ზე მოითხოვთ, იხდით 0%-ს და წელიწადში ერთ დეკლარაციას 31 მარტამდე წარადგენთ. კარგი ვარიანტია მცირე დამატებითი შემოსავლისთვის ან ფრილანსის დასაწყისში, სანამ ბრუნვა გაიზრდება.

საბანკო ანგარიში ი/მ-ისთვის

ი/მ-ისთვის შეგიძლიათ ქართულ ბანკში ანგარიში გახსნათ, თუმცა ბანკები უცხოელებს ზოგჯერ უარს ეუბნებიან, როცა სახსრების წარმოშობას, საგადასახადო რეზიდენტობას ან გარკვეულ ქვეყნებთან კავშირს ამოწმებენ. გადაწყვეტილებას ჩვეულებრივ 3-5 სამუშაო დღეში იღებენ, გაძლიერებული KYC შემოწმებისას კი პროცესს 10-14 დღემდე სჭირდება.

წინასწარ გაარკვიეთ, რას მოითხოვს თქვენი ბანკი არარეზიდენტებისგან, რომლებსაც უცხოელი კლიენტები ჰყავთ. პროცესი ყველაზე ხშირად სწორედ აქ ჩერდება.

იურიდიული მისამართის ქირაობა: რა შეიძლება მოხდეს

მთელ პროცესში რეალური რისკი ცოტაა და ეს ერთ-ერთი მათგანია. ბევრი კომპანია აქირავებს იურიდიულ მისამართს ი/მ-ის რეგისტრაციისთვის, მაგრამ ზოგი მერე მისამართს აუქმებს, გაგრძელებისთვის დამატებით ფულს ითხოვს ან უბრალოდ აღარ პასუხობს. გადახდამდე კომპანიის რეპუტაცია გადაამოწმეთ და გაგრძელების პირობებზე თავიდანვე შეთანხმდით და არა მაშინ, როცა ხელშეკრულების ვადა იწურება.

ი/მ-ის რეგისტრაცია რეზიდენტობას არ ნიშნავს

ი/მ-ის რეგისტრაციით საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი არ ხდებით. რეზიდენტობას ის განსაზღვრავს, სად ატარებთ რეალურად დროს, ანუ სულ მცირე 183 დღე ნებისმიერ 12 თვეში.

შეგიძლიათ ქართული ი/მ გქონდეთ და სხვა ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტად დარჩეთ, თუ იქ მეტ დროს ატარებთ. პირიქითაც ხდება: ფიზიკური პირი შეიძლება საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი იყოს ისე, რომ ი/მ არასოდეს დაურეგისტრირებია.

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, წარმომადგენლის მეშვეობით, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით. ამას ჩვეულებრივ იურიდიული ფირმები აკეთებენ.

არა, ეს ცალკე ნაბიჯია. განაცხადი თავად უნდა შეიტანოთ rs.ge-ის კაბინეტიდან, მანამდე კი სტანდარტული 20% მოქმედებს.

რეგისტრაციისთვის არა, მაგრამ გადახდების მისაღებად და გადასახადების გადასახდელად დაგჭირდებათ. უცხოელებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ბანკის შემოწმებას დრო სჭირდება.

არა. საგადასახადო რეზიდენტობა ცალკე განისაზღვრება: მთავარია, გაატარეთ თუ არა საქართველოში სულ მცირე 183 დღე ნებისმიერ 12 თვეში, ბიზნესის რეგისტრაციას კი ამაზე გავლენა არ აქვს.