ბიზნესი 4 წუთი წასაკითხად
შეუძლიათ თუ არა უცხოელებს საქართველოში მუშაობა 2026 წელს?
2026 წლის 1 მარტამდე უცხოელებს საქართველოში მუშაობისთვის არანაირი ნებართვა არ სჭირდებოდათ. კანონი მუშაობის უფლებას არც ვიზას უკავშირებდა და არც ბინადრობის სტატუსს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანამ ამდენი ფრილანსერი და დისტანციურად მომუშავე მიიზიდა.
იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა: საქართველომ სავალდებულო შრომის ნებართვა შემოიღო, ოფიციალური სახელით Special Labour Permit. მის გარეშე ქვეყანაში კანონიერად ვეღარც იმუშავებთ და ვეღარც ბიზნესს აწარმოებთ.
ვის სჭირდება შრომის ნებართვა
ნებართვა ახლა თითქმის ყველა უცხოელს სჭირდება, ვისაც მუდმივი ბინადრობა არ აქვს და საქართველოში შესრულებული სამუშაოდან ფულს გამოიმუშავებს. ეს ეხება ქართული კომპანიების თანამშრომლებს, მათ შორის ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად მომუშავეებს, ასევე თვითდასაქმებულებსა და ბიზნესის მფლობელებს, ინდივიდუალური მეწარმეების ჩათვლით.
მნიშვნელობა არ აქვს, სად არიან თქვენი კლიენტები ან დამსაქმებელი. მთავარია, რომ შემოსავალს იმ სამუშაოდან იღებთ, რომელსაც ფიზიკურად საქართველოში ყოფნისას ასრულებთ.
ვის არ სჭირდება
ნებართვისგან გათავისუფლებული არიან მუდმივი ბინადრები, ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები, დიპლომატიური პერსონალი, აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მფლობელები. ცალკე გამონაკლისი ეხება მათ, ვინც სრულად დისტანციურად მუშაობს და სამსახურისთვის საქართველოში ჩამოსვლა საერთოდ არ სჭირდება.
იურიდიული ფირმების უმეტესობა გათავისუფლებულად მიიჩნევს უცხოური კომპანიის შტატიან დისტანციურ თანამშრომელსაც, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თუ მისი სამუშაო საზღვარგარეთ ბიზნესს ეხება. თუმცა პრაქტიკა ამ საკითხზე ჯერ კიდევ ყალიბდება. თუ თვითდასაქმებული ან ინდივიდუალური მეწარმე ხართ და საქართველოდან უცხოელ კლიენტებს ემსახურებით, უმჯობესია ჩათვალოთ, რომ ნებართვა გჭირდებათ.
ნებართვა ქართული დამსაქმებლის მეშვეობით
დამსაქმებელმა ჯერ ვაკანსია დასაქმების სახელმწიფო პორტალზე worknet.moh.gov.ge სულ მცირე 10 სამუშაო დღით უნდა გამოაქვეყნოს და ნახოს, გამოჩნდება თუ არა შესაფერისი კანდიდატი საქართველოს მოქალაქეებს შორის. სწორედ ამიტომ საქართველოში სამუშაოს განცხადებების სულ უფრო დიდი ნაწილი ახლა მხოლოდ მოქალაქეებისთვისაა ღია.
თუ ადგილობრივი კანდიდატი არ გამოჩნდა, დამსაქმებელი ნებართვას შრომითი მიგრაციის პორტალზე labourmigration.moh.gov.ge ითხოვს. გადაწყვეტილების მიღებას 30 კალენდარულ დღემდე სჭირდება. ნებართვა ერთ დამსაქმებელსა და ერთ თანამდებობაზეა მიბმული, ასე რომ, სამსახურის შეცვლისას ყველაფერი თავიდან იწყება.
ნებართვა თვითდასაქმებულებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
თვითდასაქმებული უცხოელი განცხადებას თავად, დამსაქმებლის გარეშე შეიტანს და მას ბიზნეს საქმიანობის მყარ მტკიცებულებებს ურთავს. თუ ბიზნესი უკვე მუშაობს, ეს იქნება ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, მოქმედი ხელშეკრულებები კლიენტებთან, ინვოისები, ქართული ბანკის ამონაწერები ან ცნობა ბრუნვის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან. თუ ჯერ არ დაწყებულა, ბიზნეს გეგმაც საკმარისია.
განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განიხილავს, ისიც 30 კალენდარულ დღემდე ვადაში. გაგრძელების განცხადება მიმდინარე ნებართვის ვადის ამოწურვამდე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე უნდა შეიტანოთ.
რა ვადით გაიცემა ნებართვა
უცხოელთა უმეტესობა პირველ ნებართვას 6 თვიდან 1 წლამდე ვადით იღებს, შემდეგ კი პირველი ხუთი წლის განმავლობაში ყოველ ჯერზე 1 წლამდე აგრძელებს. IT სფეროში მომუშავეები, როგორც დაქირავებულები, ისე თვითდასაქმებულები, პირველ ნებართვას უფრო ხანგრძლივი ვადით, 3 წლამდე იღებენ და ყოველ ჯერზე 3 წლამდე აგრძელებენ.
ხუთი წლის უწყვეტი გაგრძელებების შემდეგ ყოველი მომდევნო გაგრძელება ხუთ წლამდე ვადით შეიძლება.
შრომის ნებართვა ბინადრობის ნებართვა არ არის
შრომის ნებართვა ვერ ჩაანაცვლებს ვერც ვიზას და ვერც ბინადრობის ნებართვას საქართველოში. არც ისინი ცვლიან შრომის ნებართვას. კანონიერად სამუშაოდ ახლა უმეტესობას ორივე სჭირდება: შრომის ნებართვა და D1 ვიზა ან სამუშაო ბინადრობის ნებართვა.
2026 წლის 1 მარტამდე კანონიერი მუშაობისთვის ბინადრობის ნებართვაც კმაროდა. ახლა აღარ კმარა: ცალკე შრომის ნებართვის გარეშე ბინადრობა მუშაობის უფლებას არ გაძლევთ.
ჯარიმა ნებართვის გარეშე მუშაობისთვის
ნებართვის გარეშე მუშაობისთვის 2 000 ლარის ჯარიმა გემუქრებათ, რომელიც შეიძლება დაეკისროს როგორც დასაქმებულს ან თვითდასაქმებულს, ისე დამსაქმებელს. განმეორებით დარღვევაზე ჯარიმები იზრდება.
გარდამავალი პერიოდი მათთვის, ვინც უკვე მუშაობს
დაქირავებულებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე შრომითი მიგრაციის ბაზაში უკვე იყვნენ რეგისტრირებული, ახალ წესებზე გადასასვლელად 2027 წლის 1 იანვრამდე აქვთ დრო. თვითდასაქმებულებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომლებიც საქართველოში უკვე მუშაობდნენ, შემოწმებები 2026 წლის 1 მაისიდან დაიწყო.
მაინც ნუ დაელოდებით ბოლო ვადას. კანონქვემდებარე აქტები ჯერ კიდევ იხვეწება, მთავრობამ 2026 წლის თებერვლიდან ივლისამდე მათში რამდენჯერმე შეიტანა ცვლილება და ზოგიერთი პროცედურული დეტალი შეიძლება ისევ შეიცვალოს.
თუ ი/მ უკვე გაქვთ
თუ ინდივიდუალურ მეწარმედ ხართ რეგისტრირებული საქართველოში და აქ ცხოვრებისას უცხოელ კლიენტებთან მუშაობთ, მხოლოდ ეს რეგისტრაცია კანონიერი მუშაობის უფლებას აღარ გაძლევთ. თვითდასაქმებულის სტატუსით ცალკე შრომის ნებართვა გჭირდებათ, სადაც არ უნდა იყვნენ თქვენი კლიენტები.
კანონი სულ ახალია და მისი კანონქვემდებარე აქტები პირველივე თვეებში რამდენჯერმე გადაიხედა. თუ თქვენი შემთხვევა ასეთი ცალსახა არ არის, მაგალითად, ადგილობრივი კლიენტებიც გყავთ და უცხოელებიც, ზოგად ინფორმაციას ნუ დაეყრდნობით და იმიგრაციის იურისტს მიმართეთ.
ხშირად დასმული კითხვები
არა. სრულად დისტანციურ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა არ სჭირდებათ, ცალკე გამონაკლისი ვრცელდება. თუ საქართველოში ცხოვრობთ და უცხოური კომპანიის შტატში ხართ, იურისტების უმეტესობა თქვენც გათავისუფლებულად მიგიჩნევთ, მაგრამ თვითდასაქმებულს, რომელიც საქართველოდან უცხოელ კლიენტებს ემსახურება, ნებართვა დიდი ალბათობით დასჭირდება.
აღარ არის საკმარისი. 2026 წლის 1 მარტამდე ბინადრობის ნებართვა კმაროდა, ახლა კი ცალკე შრომის ნებართვაც გჭირდებათ. გათავისუფლებული არიან მუდმივი ბინადრები და საინვესტიციო ბინადრობის მფლობელები.
უცხოელთა უმეტესობა პირველ ნებართვას 6 თვიდან 1 წლამდე ვადით იღებს და შემდეგ ყოველ ჯერზე ერთ წლამდე აგრძელებს. IT სფეროში მომუშავეები პირველ ნებართვას 3 წლამდე ვადით იღებენ და ყოველ ჯერზე 3 წლამდე აგრძელებენ.
2 000 ლარის ჯარიმა გემუქრებათ, რომელიც შეიძლება დაეკისროს როგორც დასაქმებულს ან თვითდასაქმებულს, ისე დამსაქმებელს. განმეორებით დარღვევაზე ჯარიმები იზრდება.
დიახ. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია თავისთავად კანონიერად მუშაობის უფლებას აღარ გაძლევთ. თვითდასაქმებულის სტატუსით შრომის ნებართვა ცალკე უნდა მოითხოვოთ და რეალური ბიზნეს საქმიანობის მტკიცებულებები წარადგინოთ.